logo
ENG



ზელენსკისთან შეხვედრისას ჰარისმა ტრამპის პოლიტიკაზე მიანიშნა და მას "კაპიტულაცია" უწოდა

27 სექ 202402:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/tw85ggpjrpdsfcl.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ და საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისთან შეხვედრა გამართა. მანამდე უკრაინის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენთან გამართა მოლაპარაკებები.

შეხვედრის დროს ჰარისმა უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პოლიტიკა ირიბად გააკრიტიკა.

თეთრ სახლში ზელენსკისთვის მიმართვის დროს ჰარისმა თქვა, რომ "ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი" უკრაინაზე ზეწოლას ეცდება, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც ტერიტორიების დათმობას გამოიწვევს.

"არაფერი, რაც ეხება ამ ომის დასასრულს, არ შეიძლება უკრაინის გარეშე გადაწყდეს. თუმცაღა გულწრფელად მინდა ვთქვა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემს ქვეყანაში არიან ისეთები, რომლებიც ამის ნაცვლად მზად არიან უკრაინა აიძულონ უარი თქვას საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ისინი, ვინც ითხოვენ, რომ უკრაინა დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და რომ უარი თქვას უსაფრთხოების ფარგლებში თავის თანამშრომლობაზე სხვა ქვეყნებთან. ეს იგივეა, რაც სთავაზობს პუტინი. და მოდით, ნათლად ვთქვათ, ეს არაა მშვიდობისკენ მოწოდება. ესაა წინადადება კაპიტულაციის შესახებ. ეს საშიში და მიუღებელია", - განაცხადა ჰარისმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტს დონალდ ტრამპი სახელდობრ არ უხსენებია, ბევრს სწორედ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები გაახსენდა.

შეხვედრის დროს ზელენსკიმ და ჰარისმა უკრაინული "გამარჯვების გეგმა" განიხილეს, რომელიც უკრაინის ლიდერმა ვაშინგტონში ჩაიტანა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პარასკევს დილით რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპ თაუერში უკრაინის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას.


close დახურვა